ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

კეთილ მენავეს


(მამა ილია კარტოზიას)
 
ქარტეხილებში მოუხმიხარ წმიდა ნიკოლოზს,
რომ ზღვასა შინა თანამავალთ ჰყოლოდი მხლებლად,
რამეთუ უწყის მოგზაურთა ვინ გააყოლოს, 
ვისი სიცოცხლე იწირება დაუფიქრებლად.
სულის მოძღვარო, მიწას შენი დაატყვე კვალი, 
დაბადებიდან გარდასვლამდე გზა განვლე ღმერთის, 
მამის და კაცის, თუ უბრალოდ ქართველის ვალი,
დაუნანებლად მოგიხდია მენავეს კეთილს.
შენს ანგელოზთან საუბარი ჰქონია უფალს, 
მზე ღრუბლის უკან მიმალული მოჰგავდა ნაცემს, 
მხოლოდ ქართველი თუ შესძლებსო ზეციერს უთქვამს, 
ალალ სიცოცხლეს სხვა ამ გულით ვერავინ გასცემს.
წარბ-შეკრული ზღვა პირდაღებულ სიკვდილს მოჰგავდა, 
შავ-ბნელ ფერებში ანათებდა ვიღაც მზესავით, 
ქალს გაოგნებულს მკერდს მიკრული შვილი მოჰყავდა, 
მამისგან ახლად მოვლენილი სიცოცხლესავით.



[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|