ნანა მეფარიშვილის ლექსები

ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

აღსარება


ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი, ცოდვილთა შორის.
 ლაფში გასვრილი და უმწეო, განდეგილს ვგავარ,
 შენ კი მაღალო, ის პირველი ნათელი ყოვლის,
 ვის წინაც, ახლა შერცხვენილი მუხლებზე ვდგავარ.

 სად არ ვიარე, სიამისთვის რა არ ვარჩიე,
 დაბრმავებული ვერ ვხედავდი ყველაზე ნათელს.
 შავი და თეთრი ერთმანეთში ვერ გავარჩიე,...
 ვერ შევიგრძენი, რა სურნელი ჰქონია სანთელს.

 მოვედი ღმერთო, მოვიტანე დაღლილი მხრებით,
 სული, რომელიც სიმძიმისგან სინდისზე მაწევს.
 ამაოდ განვვლე საოცარი ცხოვრების გზები,
 ჩემივ სისუსტე უსარგებლო ტოტივით მარწევს.

 მე ვარ უფალო, ის უგნური, მდაბალი ქალი,
 შენ უწყო ახლა, როგორ მტკივა ცოდვა ყოველი.
 მე ვარ ის მრუში, გამკითხავი, სიყრალით მთვრალი,
 ვგავარ შენს წინ და ყველაფრისთვის განსჯას მოველი.

 მე ვუღალატე, მე მოვკალი, ვიამპარტავნე,
 დავწამე ცილი, მშობელს ჩემსას არ ვეც პატივი.
 ათივე მცნება ჩადენილი ცოდვით ვატარე,
 საცხოვნებელად ავირჩიე გზები მარტივი.

 ეს მე ვარ ღმერთო, გამომჭედი ოცდაათ ვერცხლის,
 მწარე სინანულს ვერ ვუპოვე საზღვარი ახლა,
 ეს მე ვარ მართალს სახეში რომ ტალახებს ვესვრი,
 სასაცილოდ რომ არ ვიკმარე მოყვასის მარხვა.

 ხატთან არ მყოფი, რას გიცნობდი გლახის ძაძებში,
 გამოწვდილ ხელში საკადრისი არ ჩავდე სითბო.
 გადავუდექი გათოშილ მგზავრს ურცხვად კარებში
 და ასე ურცხვად, ახლა შენგან შენდობას ვითხოვ.

 ეს მე უფალო, მე ჩავეცი ზურგში მახვილი,
 ქართველს, ჩემიანს, მე ვაწვნიე ღალატი ღმერთო!
 ის ბოროტებაც მე ჩავთესე მადლიან ხნულში,
 ახლა კი ვდგავარ და შენდობის წყალობას შეგთხოვ.

 შემოეძარცვა ცოდვილ სხეულს უმსგავსო ვნება,
 დედიშობილა სულით ვდგავარ ახლა დაღლილი,
 შემინდო იქნებ, გასავლელი ცოტაღა მრჩება,
 ყველაზე მეტად შენს წინაშე დღეს ვარ ნამდვილი.

 ეს მე ვარ ღმერთო, ის პირველი ცოდვის ჩამდენი,
 უსიკეთობით განძარცვული ჭიანი ხე ვარ,
 ადამის მოდგმას მე მივეცი ცოდვა რამდენი,
 ცდუნების ცოდვით შეპყრობილი ის ევაც მე ვარ.

 შემახე ღმერთო, განსაწმენდად შემახე ხელი,
 სანამ ცოდვილ სულს დაუდგება განყოფა ხორცთან,
 და როგორც მუდამ, ახლაც ღმერთო შენ თუ მიშველი,
 ვიდრე გარდავალ, წამიკითხე შენდობის ლოცვა.



[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|