ნანა მეფარიშვილის ლექსები

ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

აგვიდიდგორე სამშობლო ღმერთო


ზეციერი და მიწიერი შეერთდა სული,
ვედრებით ასწვდა თრიალეთის ქედები ზეცას.
სიკვდილ-სიცოცხლეს დუელისთვის უძგერდა გული
საქართველოს კი, ღვთის ნაქსოვი ჯავშანი ეცვა.
 
დიდგორს დააწვა გულისპირზე სიმძიმე მტერთა
და როცა ჯერი უკანასკნელ ყოფნაზე მიდგა,
არ ირხეოდა შიშისაგან ფოთოლი ხეთა,
როს, ერთი ათთან შეწირული სიცოცხლით იდგა.
 
სამშობლოსათვის!! არწივებმა გაშალეს ფრთები,
დაე სიცოცხლე, გამარჯვების ზვარაკი იყოს.
ლოცვა-ყიჟინით ცას სწვდებოდა იმედის ხმები,
რჯულიან მოდგმას,ურჯულომან რა უნდა გვიყოს.
 
თეთრი გიორგი,თეთრ იმედად აენთო დიდგორს,
კურთხეულ მახვილს ზეციერი დაადგა სხივად,
ყოველი სული უძლეველად გადიქცა იმ დროს,
როს გველეშაპი შემოეჭდო სამოთხეს მძივად.
 
ბრძენთა წესია,ხერხმა ღონე რარიგად დასცეს,
სისხლისმწოველებს გამარჯვების სურვილი ჰკლავდათ,
იცის უფალმა, ვის, როგორი პასუხი გასცეს
იქ ყველა ქართველს, სადიდგორე გიორგი ჰყავდა.

ილღაზის შხამი ეყრებოდა მადლიან მიწას,
მიწას,რომელიც მერამდენედ გაპოხეს სისხლით,
იქ თრიალეთზე დაღლილი მზე დაისში იწვა,
გადმოჰყურებდა დაშლილ ურდოს უფალი რისხვით.
 
მადლიან დროშას გამარჯვებულს ზეცამდე ვფენდით,
ვერ მოახერხეს დამარცხებით ამ დროშის დახრა
და იდგა მეფე, კურთხეული გაშლილი მკერდით,
სადაც ყოველნი დავაბიჯებთ ცოდვებით ახლა.
 
რამ დაადუმა საყიჟინე დიდგორი ასე,
ან წინაპრებში რა მადლი და სანთელი ენთო,
მოგვხედე ვიდრე დაიღვარა ფიალა სავსე,
აგვიდიდგორე გატანჯული სამშობლო ღმერთო.



[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|