ნანა მეფარიშვილის ლექსები

ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

იმდენჯერ აგიმღერდები


იმდენ სიმღერას დაგიწერ,
იმდენჯერ აგიმღერდები,
ჩვილიან აკვნებს დაგირწევ,
არასდროს დაგიბერდები.
იმდენ ალიონს მოგირთავ,
წამით არ ამოვიკვნესებ,
გულს ამოვიღებ, მოგიტან,
გიღიმილებ და გილექსებ.
სულ მისხალ–მისხალ მოვითხოვ,
დაჭრილი მიწის მტკაველებს,
ხელს შემოგხვევ და მოგითბობ,
ცრემლებით დამბალ მთა–ველებს.
იმდენ სიყვარულს აგიხსნი,
ღმერთიც კი გაკვირდებოდეს,
სულს განაცვალებ, დაგიხსნი,
რამე არ აგტკივდებოდეს.
იმდენჯერ აგიმღერდები,
ყელს ძარღვებს დავაჭიმინებ,
არც ოდეს დაგიბერდები,
სამშობლოვ, შენი ჭირიმე.



[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|