ნანა მეფარიშვილის ლექსები

ნანა მეფარიშვილის ლექსები


.

ქართული ჰქვია




აისის მზესთან ფრინველების საამო სტვენას
აჰყვება მუზა და ჭიკჭიკით დატკბება ყელი,
ქართული ჰქვია, ამ უბრალო ლექსების ენას,
ენა გალობის, სიყვარულის ამოსათქმელი.

ქართული ჰქვია ვაზის ცრემლით გაჟღენთილ სტროფებს,
მოსაფერებელს, საალერსოდ ნათქვამს გალექსილს,
როს ჭრილობაზე საკურნებელ მალამოს მოგფენს,
ვაი მას, ვისაც, ეს ღმერთების ენა არ ესმის.

ნაღიმილარებს, ნასათუთებს და მონატრებას,
უკვე ამოთქმულს, გაფიქრებულს, ოცნებას ფრთიანს,
ცეცხლმოდებული მზის სხივების შემონათებას,
გალობასავით სათაყვანო ქართული ჰქვია.


დედის ნანინას, ჩვილის ღუღუნს, მოხუცის ალერსს,
გაზაფხულებზე ენძელების თვალის ახელას,
ქართული ჰქვია ზეცისაკენ აპყრობილ თვალებს,
და მოკრძალებით სიყვარულის პირველ გამხელას.

სულის ანბანი რეალობად შეგვიცვილს მითებს,
ჟამი დადგება აღდგინების ადრე თუ გვიან,
აი იაზე გაყოლებულ პატარა თითებს,
უფლის წინაშე სალოცავი ქართული ჰქვია.




[ნანა მეფარიშვილი Facebook]

|